Logo
WebLaw
← უკან

„ადვოკატის პროფესია: პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“

2026-09-23ავტორი: ნინი ბალავაძე

ბიძინა, დავიწყოთ თქვენი პროფესიული გზით. როგორ მოხვედით იურიდიულ პროფესიაში და რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ადვოკატობა აირჩიეთ?

იურიდიულ პროფესიაში უკვე დიდი ხანია ვარ. სანამ ადვოკატობას დავიწყებდი, გამოცდილება მივიღე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, რამაც პროფესიული განვითარების სხვადასხვა მიმართულება და შესაძლებლობა მომცა.

ადვოკატობა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივი იურიდიული პროფესიაა. ეს არის სფერო, რომელიც მუდმივ განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული დამოუკიდებლობა, რადგან ადვოკატს აქვს შესაძლებლობა, თავად შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხი, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს იმ გზით, რომელიც სამართლებრივად სწორად და დასაბუთებულად მიაჩნია.

სწორედ ეს დამოუკიდებლობა, მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადვოკატობა ავირჩიე.

დღეს GG Lawyer Group-ში მუშაობთ. როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ამ გუნდთან, როდის შეუერთდით GG Lawyer Group-ს და რა როლი გაქვთ გუნდის საქმიანობაში?

GG Lawyer Group-ში ჩემს მოსვლამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაუზა მქონდა საადვოკატო საქმიანობაში და ამ პერიოდში სხვა სამსახურში ვმუშაობდი. შემდეგ, როდესაც საადვოკატო საქმიანობას დავუბრუნდი, GG Lawyer Group-ში ჩემი მეგობრები და კოლეგები დამხვდნენ, რომლებთან ერთადაც მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

GG Lawyer Group-ში ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და სანდო ადვოკატების გუნდია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პროფესიული გარემო, სადაც გამოცდილების გაზიარება, გუნდური მუშაობა და ერთმანეთის ნდობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

კერძოდ, საადვოკატო პრაქტიკის გარდა, რომელსაც გუნდთან ერთად ინტენსიურად და აქტიურად ვეწევით, არაერთ მნიშვნელოვან იურიდიულ პროექტზეც გვიმუშავია. ვფიქრობ, ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო მხარეა, რადგან პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად მუდმივად გვაქვს ახალი იდეები და მათი რეალიზების შესაძლებლობა. მომავალშიც ვგეგმავთ არაერთ საინტერესო პროექტს, რომელიც, ვფიქრობ, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.

GG Lawyer Group-ში სხვადასხვა სამართლებრივ მიმართულებაზე მუშაობთ. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა ტიპის პრობლემებით მიმართავენ ადამიანები ადვოკატს ყველაზე ხშირად და რომელ საკითხებში უშვებენ ისინი ყველაზე დიდ შეცდომებს?

GG Lawyer Group-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ საკმაოდ მრავალმხრივი პრაქტიკა გვაქვს და ფაქტობრივად, სამართლის თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვმუშაობთ. ჩვენს გუნდში არიან სხვადასხვა სპეციალიზაციის ადვოკატები, რაც საშუალებას გვაძლევს, კლიენტებს კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ.

მიმართვიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია: იქნება ეს სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული, საოჯახო, შრომითი თუ სხვა ტიპის სამართლებრივი საკითხები. ხშირად ადამიანი ჩვენთან მაშინ მოდის, როდესაც პრობლემა უკვე შექმნილია, თუმცა ადვოკატის როლი მხოლოდ არსებული პრობლემის მოგვარებით არ უნდა შემოიფარგლოს.

ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული იურიდიული კონსულტაციაც. მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებამდე, უძრავი ქონების შეძენამდე ან სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ გადაწყვეტილებამდე პროფესიული კონსულტაციის მიღება ადამიანს არაერთი შესაძლო პრობლემის თავიდან აცილებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, კლიენტს არა მხოლოდ უკვე არსებული დავის გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სამართლებრივი რისკების წინასწარ განსაზღვრასა და თავიდან აცილებას.

თქვენთვის რას ნიშნავს კარგი ადვოკატი? საკმარისია მხოლოდ კანონისა და პრაქტიკის ცოდნა, თუ პროფესია სხვა უნარებსაც მოითხოვს?

კარგი ადვოკატის შეფასების მთავარი ინდიკატორი ყოველთვის კმაყოფილი კლიენტია. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, საქმის ცოდნა, შეუპოვრობა და ძლიერი ხასიათი ადვოკატისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მთავარი მაინც ნდობაა.

კლიენტი ყოველთვის უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მის გვერდით არის ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს მაქსიმალურად იცავს და საქმის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც მის პროფესიულ შესაძლებლობებსა და კანონით დაშვებულ ფარგლებშია შესაძლებელი.

ადვოკატის ვალდებულება პირველ რიგში არის, კლიენტის ინტერესები სათანადოდ წარმოადგინოს, დაიცვას მისი უფლებები და საქმისთვის მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს. სწორედ მაშინ, როდესაც კლიენტი ხედავს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, პროფესიონალიზმს და საქმისადმი სრულ ჩართულობას, ყალიბდება ის ნდობა, რომელიც ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

თქვენ ხართ „სამართლის ექსპერტის“ ავტორი და ერთ-ერთი წამყვანი. როგორ გაჩნდა ამ სამართლებრივი პოდკასტის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მიზანი, როდესაც პროექტს იწყებდით?

„სამართლის ექსპერტის“ იდეა როდესაც გამიჩნდა, პირველ რიგში დავუკავშირდი ჩემს მეგობარსა და კოლეგას, გივი კაკუშაძეს, და ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ჩვენი ხედვები და იდეები თავიდანვე თანხვედრაში იყო, რაც ამ პროექტის შექმნაში ძალიან დაგვეხმარა.

როდესაც „სამართლის ექსპერტს“ ვიწყებდით, ჩვენი მთავარი მიზანი არ ყოფილა ეპატაჟური ან სკანდალური კონტენტით ცნობადობის გაზრდა. თავიდანვე გვინდოდა, საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები გაგვეცნო და გადაცემაში ისეთი სამართლის პროფესიონალები მოგვეწვია, რომელთა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაც საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიზანს დღემდე წარმატებით ვახორციელებთ.

ამის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასტურია ის, რომ არაერთ სტუდენტს უთქვამს ჩვენთვის, რომ უნივერსიტეტებში კონკრეტული დავალების ფარგლებში „სამართლის ექსპერტის“ ეპიზოდების ნახვას სთხოვდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა მოგვიყვა, რომ პროკურატურაში სტაჟირების დაწყებამდე მას ქალბატონ ნინო აღლემაშვილის მონაწილეობით ჩვენი პოდკასტის ეპიზოდის ნახვა დაავალეს, რაც, მისი თქმით, კონკრეტული საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა.

ჩვენ პარალელურად GG Lawyer Group-ის ეგიდით სხვადასხვა ტრენინგსაც ვატარებთ და ახალგაზრდებთან ურთიერთობისას ხშირად ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილების მიღება.

ასევე სასიხარულოა ისიც, რომ „სამართლის ექსპერტის“ შემდეგ არაერთი ახალი იურიდიული პოდკასტი შეიქმნა. ეს მხოლოდ მისასალმებელია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ. რაც უფრო მეტი ხარისხიანი სამართლებრივი კონტენტი იქნება ქართულ სივრცეში, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სწორი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რაც უფრო მაღალია საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერება, მით უფრო ძლიერი და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება. სწორედ ეს იყო და არის „სამართლის ექსპერტის“ მთავარი იდეაც.

WebLaw-სთანაც ხართ დაკავშირებული. როგორ ხედავთ ისეთი ონლაინ სამართლებრივი პლატფორმების როლს, როგორიც WebLaw-ია, და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იურიდიული ინფორმაციის მარტივად და სწრაფად მიღება?

რაც შეეხება WebLaw-ს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ლიპარტელიანია, უნდა აღვნიშნო, რომ მან ამ ონლაინ პლატფორმის შექმნას ძალიან დიდი შრომა, დრო და რესურსი დაუთმო. დღეს WebLaw საკმაოდ კომფორტული სივრცეა ადამიანებისთვის, რომლებსაც სწრაფად და მარტივად სჭირდებათ იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურების მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ხშირად უჭირთ საქართველოში სამართლებრივი საკითხების ადგილზე მოგვარება. WebLaw-ის საშუალებით მათ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი იურიდიული მომსახურება დისტანციურად და დაზოგონ როგორც დრო, ისე რესურსი.

პლატფორმაზე არაერთ მნიშვნელოვან სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს, მათ შორის ისეთ პრაქტიკულ მომსახურებას, როგორიცაა პატიმრობაში მყოფ პირთან ერთჯერადი ვიზიტის ორგანიზება, ასევე ონლაინ იურიდიული კონსულტაცია და სხვა სამართლებრივი მომსახურებები.

რაც შეეხება განახლებულ WebLaw-ს, ჩვენი მიზანია, ის კიდევ უფრო სრულყოფილ და პრაქტიკულ პლატფორმად ჩამოყალიბდეს, სადაც მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ კვალიფიციური და მათთვის გასაგები იურიდიული ინფორმაცია, დროულად გაიაზრონ საკუთარი უფლებები და ვალდებულებები და, რაც მთავარია, თავიდან აიცილონ ისეთი სამართლებრივი შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც მოგვიანებით გაცილებით რთული შეიძლება გახდეს.

ხშირად ადამიანი ადვოკატს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც პრობლემა უკვე წარმოიშვა. თქვენი გამოცდილებით, რამდენი სამართლებრივი პრობლემის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, თუ ადამიანი წინასწარ მიიღებს სწორ იურიდიულ კონსულტაციას?

სამართლებრივი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჯანმრთელობის პრობლემის დროს არის აუცილებელი ექიმთან დროულად მისვლა, ზუსტად ასეა საჭირო იურიდიული პრობლემის დროსაც დროულად მიმართოთ ადვოკატს. რაც უფრო მეტად ჭიანურდება პრობლემა, მით უფრო რთული შეიძლება გახდეს მისი მოგვარება და, ხშირ შემთხვევაში, მეტი დროისა და რესურსის დახარჯვა გახდეს საჭირო.

პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს სარჩელი ან სასამართლოსგან მიღებული დოკუმენტი ჩაბარებული არ აქვს და მიაჩნია, რომ ამით პრობლემა მოგვარდება. სინამდვილეში, პირიქით, დამატებითი სამართლებრივი რისკის საფუძველია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული კონსულტაცია სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ძალიან ხშირად ხელშეკრულებაში შეიძლება იყოს ისეთი პირობები, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ კონკრეტულ გარემოებაში მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ან სამართლებრივი შედეგების მომტანი გახდეს. ასეთ პირობებზე წინასწარ ყურადღების გამახვილება გაცილებით მარტივია, ვიდრე უკვე წარმოშობილი პრობლემის შემდეგ მათი სამართლებრივი გზით მოგვარება, რასაც ზოგჯერ საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება.

სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ადვოკატის როლი მხოლოდ უკვე არსებული პრობლემის მოგვარებით არ უნდა შემოიფარგლოს. ხშირ შემთხვევაში, დროული კონსულტაცია და სამართლებრივი რისკების წინასწარ შეფასება ადამიანს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებაში ეხმარება.

დღეს იურიდიული სფეროც სწრაფად იცვლება. სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ სერვისები უკვე ადვოკატის საქმიანობის ნაწილია. როგორ ცვლის ეს ყველაფერი ადვოკატის საქმიანობას?

დღეს იურიდიული სფერო ნამდვილად სწრაფად იცვლება და ამ პროცესში ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით კი ხელოვნურ ინტელექტს, მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები ადვოკატის საჭიროებას შეამცირებს. პირიქით, ადვოკატის როლი უფრო მეტად პროფესიულ ცოდნაზე, გამოცდილებასა და სწორ სამართლებრივ ანალიზზე იქნება დამოკიდებული.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადვოკატს დაეხმაროს ინფორმაციის მოძიებაში, დიდი მოცულობის მასალის დამუშავებაში და ყოველდღიური სამუშაო პროცესის გამარტივებაში, რაც საბოლოო ჯამში დროს ზოგავს. თუმცა სამართლებრივ საქმეში მხოლოდ ინფორმაციის მოძიება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია კონკრეტული გარემოებების სწორად შეფასება, სამართლებრივი რისკების დანახვა, სწორი სტრატეგიის შერჩევა და, რაც მთავარია, კლიენტის ინტერესების დაცვა.

ამასთან, სოციალური მედიისა და ონლაინ პლატფორმების განვითარებამ ადამიანებისთვის სამართლებრივი ინფორმაციის მიღება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ვფიქრობ, ეს დადებითი პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ინტერნეტში მიღებულ ზოგად ინფორმაციას კონკრეტული საქმისთვის ავტომატურად არ მოარგოს. თითოეულ სამართლებრივ საკითხს თავისი გარემოებები აქვს და სწორედ აქ ხდება პროფესიონალი იურისტის ჩართულობა მნიშვნელოვანი.

რას ურჩევდით ახალგაზრდა იურისტებსა და სამართლის სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ გზას?

ახალგაზრდა იურისტებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ პრაქტიკის მიღება ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყონ. მხოლოდ თეორიული ცოდნა ამ პროფესიისთვის საკმარისი არ არის. რაც უფრო ადრე ექნებათ შეხება რეალურ საქმეებთან, სასამართლო პროცესებთან, სამართლებრივ დოკუმენტებთან და პრაქტიკულ სამუშაოსთან, მით უფრო მარტივად შეძლებენ პროფესიულ გარემოში ადაპტაციას.

ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ დროულად გაიაზროს, სამართლის რომელ მიმართულებაში სურს განვითარება. რა თქმა უნდა, კარიერის დასაწყისში სხვადასხვა სფეროს გამოცდა და გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოოდ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა პროფესიული განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად ეხმარება.

ამ მიმართულებით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა. სულ მალე იხსნება სამართლის სკოლა, რომლის დამფუძნებელიც ბატონი შალვა ხაჭაპურიძეა, რომელიც ჩვენი პარტნიორია. ვფიქრობ, ეს საინტერესო სივრცე იქნება ახალგაზრდა იურისტებისთვის, რადგან აქცენტი გაკეთდება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკაზე და იმ რეალურ უნარებზე, რომლებიც იურისტს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება.

სამწუხაროდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული სამართლებრივი განათლების დეფიციტი საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. ხშირად ახალგაზრდას უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა აქვს, მაგრამ პროფესიულ საქმიანობაში გადასვლისას პირველად უწევს რეალურ პრაქტიკასთან შეხება. სწორედ ამ ეტაპის გამარტივებას და ახალგაზრდა იურისტების სწრაფ ადაპტაციას უნდა შეუწყოს ხელი ამ სკოლამ.

ძლიერი იურისტის ჩამოყალიბება მხოლოდ დიპლომის მიღებით არ სრულდება. ეს არის მუდმივი სწავლის, პრაქტიკის, გამოცდილების დაგროვებისა და საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რაც შეიძლება ადრე დაიწყონ პრაქტიკული გამოცდილების მიღება და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.













„ადვოკატის პროფესია: პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“