Logo
WebLaw
← უკან

მოქალაქის უფლებები დაკავებისას: რა უნდა ვიცოდეთ თუ პოლიციამ გაგვაჩერა?

2026-07-30ავტორი: ნათია ცარციძე

დაკავება არის პირის თავისუფლების დროებითი შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლებითა და პროცედურების დაცვით შეიძლება განხორციელდეს. სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავების დროს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლებები, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერესების დასაცავად.

დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.

დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს:

  • რატომ აკავებენ;

  • რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება მისი დაკავება.

ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები და მკაფიო.

დაკავებულს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. მას არ შეიძლება აიძულონ აღიარება, ახსნა-განმარტების მიცემა ან ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მის მდგომარეობას გააუარესებს.

დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას – მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.

დაკავებულს უფლება აქვს, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუკავშირდეს ადვოკატს და მიიღოს მისი სამართლებრივი დახმარება. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.

 

დაკავებულის მიმართ აკრძალულია:

  • ფიზიკური ძალადობა;

  • წამება;

  • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა;

  • ფსიქოლოგიური ზეწოლა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და უფლებებს.

თუ დაკავებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა ან მიღებული აქვს დაზიანება, მას უფლება აქვს დროულად მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მას აქვს უფლება მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.

ასევე  იმ შემთხვევაში თუ დაკავებულმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს კომუნიკაციის სირთულე, მას უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

 

დაკავების დროს მიზანშეწონილია:

  • შეინარჩუნოთ სიმშვიდე;

  • არ გაუწიოთ ფიზიკური წინააღმდეგობა სამართალდამცველებს;

  • მოითხოვოთ ადვოკატის დასწრება;

  • ყურადღებით მოისმინოთ თქვენი უფლებების განმარტება;

  • საჭიროების შემთხვევაში აცნობოთ სამართალდამცველებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

დაკავება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ავტომატურად დამნაშავეა. თითოეულ პირს მოქმედი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებული აქვს სამართლიანი მოპყრობის, დაცვისა და სასამართლოს წინაშე თანასწორობის უფლება. მოქალაქის მიერ საკუთარი უფლებების ცოდნა ხელს უწყობს, როგორც მისი ინტერესების დაცვას, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებას.

📞 +995 593 98 10 20

✉️ gglawyergroup@gmail.com

📍 თბილისი, წერეთლის გამზირი, ცემის ქუჩა N3

მოქალაქის უფლებები დაკავებისას: რა უნდა ვიცოდეთ თუ პოლიციამ გაგვაჩერა?