მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლე: დეკრეტული დახმარება აღსრულების ბიუროს მიერ ჩამოჭრას აღარ დაექვემდებარება
საქართველოს პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით ერთხმად დაამტკიცა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ორსულებისა და ახალგარეზდა მშობლების სოციალური გარანტიების დაცვას და მათთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დახმარების ხელშეუხებლობას.
დღემდე არსებული პრაქტიკით, თუ მოქალაქეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში უფიქსირდებოდა დავალიანება, მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებისას, ხშირად ავტომატურად იზღუდებოდა დეკრეტული ანაზღაურებაც. კანონპროექტი სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება.
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, იძულებითი აღსრულების წესით ჩამოჭრას ან ყადაღას აღარ დაექვემდებარება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება, რომელიც ამჟამად მაქსიმუმ 2 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხულ ამ თანხას მიეცემა ხელშეუხებელი სოციალური დახმარების სტატუსი.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, დეკრეტული შვებულების დროს მიღებული ფულადი დახმარება არ წარმოადგენს სტანდარტულ შრომით ხელფასს, რომლიდანაც, კანონმდებლობით, გარკვეული პროცენტის ჩამოჭრა დასაშვებია. ეს არის სახელმწიფოს მიერ მიზნობრივად გამოყოფილი სოციალური მხარდაჭერა, რომელიც სრულად ახალშობილის მოვლას, დედის ჯანმრთელობასა და ოჯახის პირველად საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. აღსრულების პროცესში მყოფი პირებისთვის ამ თანხის შენარჩუნება უზრუნველყოფს, რომ ბავშვის გაჩენისას ოჯახი არ დარჩეს საარსებო მინიმუმისა და ელემენტარული ფინანსური სახსრების გარეშე.
პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, დოკუმენტმა უნდა გაიაროს მომდევნო საპარლამენტო განხილვები. საბოლოო დამტკიცების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, ახალი წესი სავალდებულო გახდება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ყველა კომერციული ბანკისთვის.
📞 +995 593 98 10 20
📍 თბილისი, წერეთლის გამზირი, ცემის ქუჩა N3