WebLaw
← Back

„ოჯახური კონფლიქტების სამართლებრივი რეგულირება ქონების გაყოფა, ალიმენტი და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა“ ინტერვიუ ადვოკატ თათია ქაჯაიასთან

2026-11-06By: თათია ქაჯაია

ქალბატონო თათია, საოჯახო სამართალი ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა იურისპრუდენციაში. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საოჯახო დავების მართვისას?

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, საოჯახო დავებზე მუშაობის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ადვოკატმა შეძლოს კლიენტის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება და ამავდროულად ისეთი სამართლებრივი სტრატეგიის განსაზღვრა, რომელიც რეალურად დაიცავს მის ინტერესებს. საოჯახო დავების უკან როგორც წესი, არის ადამიანების პირადი ისტორია, კონფლიქტი, ემოციები და ასეთ დროს რა თქმა უნდა არ არის მარტივი, რომ საქმე მხოლოდ სამართლებრივი კუთხით აჩვენო კლიენტს. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც დავა არასრულწლოვნის უფლებებსაც ეხება, ასეთ დროს მშობლებს შორის კონფლიქტი არ უნდა დადგეს ბავშვის ინტერესებზე მაღლა, შესაბამისად, საოჯახო დავებში ჩვენი როლი მხოლოდ კლიენტის სასამართლოში წარმომადგენლობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ დავსახოთ სწორი სამართლებრივი სტრატეგია კლიენტისთვის, რომელიც ხშირად ემოციურადაც რთულ ვითარებაშია და თითოეულ საქმეს მივუდგეთ ინდივიდუალურად, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ბავშვის უფლებებსაც.

რამდენად ხშირად ხერხდება საქართველოში საოჯახო დავების მორიგებითა და მედიაციით დასრულება სასამართლო განხილვებამდე?

საქმის მორიგებით დასრულება შესაძლებელია ხშირად, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყოველთვის მარტივი არ არის, მითუმეტეს როდესაც მხარეებს შორის კონფლიქტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და აქვთ ერთმანეთისადმი დაგროვილი წყენა. ყოველთვის ვცდილობ, პირველ რიგში მორიგების საკითხი გავიარო კლიენტთან და ჩამოვყალიბდეთ მორიგების ისეთ პირობებზე, რომელიც ორივე მხარისთვის და რა თქმა უნდა ბავშვის ინტერესებისთის იქნება საუკეთესო. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე მორიგებულად მხარეები, აგრეთვე არაერთხელ მედიაციის საშუალებით მომხდარა მორიგება, თუმცა სამწუხაროდ გამონაკლისი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც მედიაციიდან კვლავ სასამართლოში დაბრუნებულა საქმე, რადგან ვერ მორიგდნენ მხარეები და საბოლოოდ მაინც სასამართლოს მიუღია გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, მაინც საკმაოდ ხშირია ამ კატეგორიის დავებში საქმის მორიგებით დასრულება და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია, მითუმეტეს როდესაც ბავშვის უფლებებსაც ეხება საქმე.

საქორწინო კონტრაქტის გაფორმების კულტურა ნელ-ნელა მკვიდრდება. თქვენი დაკვირვებით, რა ტიპის წყვილები მიმართავენ ამ პრაქტიკას უფრო ხშირად და რა ძირითად პუნქტებს აზღვევენ ხოლმე წინასწარ?

საქორწინო კონტრაქტის გაფორმებას უფრო ხშირად მიმართავენ ის წყვილები, რომლებსაც აქვთ ან აპირებენ გარკვეული ქონების შეძენას, გარკვეული აქვთ ერთმანეთთან თავიანთი ქონებრივი უფლება-მოვალეობები და სურთ, რომ ოფიციალური სახე მისცენ ამ შეთანხმებას. როგორც მოგეხსენებათ, საქორწინო კონტრაქტით მეუღლეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ ქონებრივი უფლება-მოვალეობები, მათ შორის შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი, შესაბამისად ძირითადად სურთ წინასწარ განსაზღვრონ თუ რომელი ქონება ჩაითვლება თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელი თანასაკუთრებად და ა.შ. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოების არცთუ ისე პატარა ნაწილს რატომღაც მაინც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და არ ეთანხმებიან საქორწინო კონტაქტის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამაში არაფერია ცუდი, რადგან კანონი აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი შეხელდულებისამებრ განსაზღვრონ მეუღლეებმა ქონებრივი უფლება-მოვალეობები. მაგალითად, ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ყოფილ მეუღლესთან ქონებრივი დავა აქვს პირს და უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კონკრეტრული ქონება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მისი ფინანსებით არის შეძენილი, ითვლება თანასაკუთრებად, რადგან შეძენა მოხდა ქორწინების პერიოდში. რეალურად აღნიშნული საკითხის სხვაგვარად დარეგულირება კი შეეძლოთ თავიდანვე, საქორწინო ხელშეკრულებაში რომ ჰქონოდათ გათვალისწინებული.

რა სამართლებრივი რისკების წინაშე დგებიან წყვილები, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივ (არარეგისტრირებულ) თანაცხოვრებაში იმყოფებიან და საერთო ქონებას აგროვებენ?

ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ფაქტობრივი, ანუ არარეგისტრირებული თანაცხოვრება მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობს. აგრეთვე არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს ჯვრისწერა, რომელიც ხშირად ჰგონიათ, რომ რეგისტრირებულ ქორწინებას უტოლდება. რეალურად, კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგოსტრირებული ქორწინება. აგრეთვე, რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ქონება, ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად. შესაბამისად, როდესაც სახეზეა მხოლოდ ფაქტობრივი თანაცხოვრება, ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება ვერ წარმოიშობა. მაგალითად, თუ წყვილი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობს და ქონებას ყიდულობს, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის საკუთრებაშია რეგისტრირებული, დავის შემთხვევაში მეორე ავტომატურად ვერ მოითხოვს თანასაკუთრების უფლებას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მათ ფაქტობრივად ჰქონდათ ოჯახი შექმნილი, რადგან რეალურად ქორწინების ფაქტი არ არსებობს და არც მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობები წარმოშობილა.

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინებისას მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე დასაქმებული არ იყო და მხოლოდ საოჯახო საქმეებით ან ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული?

მოცემულ შემთხვევაში კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო აღნიშნული წესი, თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს და არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქონების შეძენიის ფინანსური რესურსი მხოლოდ ერთ-ერთ მეუღლეს ჰქონდა, მეორეს არ უკარგავს აღნიშნულ ქონებაზე უფლებებს. თუმცა როგორც აღვნიშნე, საქორწინო კონტაქტით მეუღლეებს აღნიშნული წესის შეცვლაც შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ.

განქორწინებისას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას რა ძირითადი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სასამართლო და რა ასაკიდან ითვალისწინებენ თავად ბავშვის აზრს?

ამ კატეგორიის დავებში მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინება და არა მხოლოდ რომელიმე მშობლის სურვილი. სასამართლო აფასებს ყველა გარემოებას, თითოეული მშობლის შესაძლებლობას უზრუნველყოს ბავშვის სათანადო აღზრდა და განვითარება, აფასებს ბავშვის ემოციურ კავშირს მშობლებთან, ბავშვის ასაკს, საჭიროებებს და ა.შ. თითოეული საქმეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და კონკრეტულ საქმეში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენა, შესაბამისად თითოეულ საქმეზე ძალიან ინდივიდუალურია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბავშვის აზრს, კანონი არ ადგენს კონკრეტულ ასაკს, ბავშვს ნებისმიერ ასაკში შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, თუკი მოცემულ მომენტში შეუძლია და სურვილი აქვს აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების. შესაბამისად, მიუხედავად ბავშვის ასაკისა, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, უპირატესია დადგინდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. რა ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმ მშობლის წინააღმდეგ, რომელიც მალავს რეალურ შემოსავალს?

პირველ რიგში აუცილებელია ყველამ გაიაზროს, რომ ალიმენტი, ეს არის ბავშვის უფლება. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ზოგი იმგავარად უყურებს აღნიშნულ საკითხს, რომ ალიმენტი ჰგონიათ ყოფილი მეუღლესთვის გადახდილი თანხა, რის გამოც ზოგჯერ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდასაც  კი არიდებენ თავს, მალავენ შემოსავალს და ა.შ. თუ ალიმენტი უკვე დაკისრებულია სასამართლოს მიერ, შესაძლებელია იძულებითი აღსრულების მექანიზმების გამოყენება, თანხის ამოღება ვალდებული პირის ქონებიდან, საბანკო ანგარიშებიდან და აგრეთვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგბელობასაც.

თუ მშობელს სურს შვილთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება, ხოლო მეორე მშობელი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს თანხმობაზე, როგორ წყდება ეს საკითხი სამართლებრივად?

მსგავს საქმეებში ისევ და ისევ მნიშვნელოვანია დადგინდეს პირველ რიგში ბავშვის ინტერესები, თუ რამდენად გამომდინარეობს მისი ინტერესებიდან საზღვარგარეთ გამგზავნება, იქნება ეს საცხოვრებლად თუ დროებით, გარკვეული პერიოდი. ბავშვისათვის პასპორტის აღებაზეც საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, შესაბამისად როდესაც ერთ-ერთი მშობელი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს ამბობს, ასეთ დროს მეორე მშობელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს აღნიშნულ ნაწილში იმ მშობლის უფლების შეზღუდვა, რომელიც უარს აცხადებს ბავშვის საზღვარგარეტ გაყვანაზე. სასამართლოსთვის ამ საკითხზე მიმართვა რა თქმა უნდა ავტომატურად არ ნიშნავს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა თუ რეალურად ეს ქმედება გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან, შეუძლია იდავოს. მნიშვნელოვანია შეფასდეს ყველა გარემოება, კერძოდ, რა მიზნით ხდება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა, რა პერიოდით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე და ყველა ფაქტობრივი გარემოებისა თუ მტკიცებულების საფუძველზე შეფასდეს თუ რამდენად გამომდინარეობს ეს ბავშვის ინტერესებიდან.

რა არის ის მთავარი სამართლებრივი შეცდომა, რომელსაც წყვილები უშვებენ განქორწინების ან ქონებრივი დავის პროცესში ემოციურ ფონზე?

ეს არის ემოციურ ფონზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეიძლება შემდგომში მათივე სამართლებრივ ინტერესებს აზიანებდეს. ხშირად განქორწინების ან ქონებრივი დავის დროს მხარეებისთვის გარკვეულ ეტაპზე მთავარი ხდება არა საკუთარი უფლებები დაცვა, არამედ მეორე მხარისათვის რაღაცის დამტკიცება, ზიანის მიყენება, შურისძიება და ა.შ. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება გაუაზრებლად მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება ან განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ცუდად იმოქმედებს მის ინტერესებზე და რეალურად ხელს შეუშლის საქმეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციურ ფონზე, სამართლებრივი შეფასების გარეშე არ მოხდეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება, რამაც შეიძლება ზიანი გამოიწვიოს, მითუმეტეს მიმდინარე დავის პროცესში.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ ოჯახის შექმნას ან, პირიქით, განქორწინების რთული ეტაპის დასაწყისში იმყოფებიან?

მათ ვინც ოჯახის შექმნას აპირებს, პირველ რიგში ვურჩევდი, რომ გააზრებულად მიიღონ ეს გადაწყვეტილება და კარგად დაფიქრდნენ, თუ ვის უკავშირებენ ცხოვრებას, იცოდნენ თავიანთი უფლებები. რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია თუ ვის დაუკავშირებს ცხოვრებას და ვისზე დაქორწინდება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგებიც მოჰყვეს. ხოლო ვინც განქორწინების პროცესში იმყოფება, ვურჩევ რომ არ დაკარგონ საკუთარი თავის პატივისცემა, არ მიიღონ გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით და რაც აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს გამოიყენონ ბავშვი მათი კონფლიქტისა და ერთმანეთისადმი შურისძიების იარაღად.